Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ჯაბა სამუშიამ ვარლამ ჩერქეზიშვილისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია, ვარლამ ჩერქეზიშვილის გარდაცვალებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო, რომელიც საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ თოხლიაურის საჯარო სკოლაში გაიმართა. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ გულიკაშვილი, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გილაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ვეფხია ჩერქეზიშვილი, საგარეჯოს რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ლელა ფანოზიშვილი, თსუ პროფესორი გოჩა ფერაძე და უნივერსიტეტის სხვა წარმომადგენლები.

 

სოფელ თოხლიაურის საჯარო სკოლას ოფიციალურად მიენიჭა ვარლამ ჩერქეზიშვილის სახელი, რაც კიდევ უფრო გაამყარებს მისი მემკვიდრეობის მიმართ საზოგადოების პატივისცემასა და ცნობადობას.

 

ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას თსუ-ის რექტორმა ვარლამ ჩერქეზიშვილის ღვაწლს ხაზი გაუსვა და აღნიშნა, რომ იგი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფიგურაა მე-19-20 საუკუნეების საქართველოს ისტორიისა და საზოგადოებრივი აზროვნების განვითარების კონტექსტში: „ვარლამ ჩერქეზიშვილი იყო ადამიანი, რომლის მოღვაწეობა სცდებოდა მხოლოდ პოლიტიკის ან სამწერლო სივრცეს — ის იყო ეროვნული იდენტობის, დემოკრატიული იდეების და სოციალური სამართლიანობის შეუპოვარი დამცველი. თსუ ყოველთვის ინარჩუნებს მისი მემკვიდრეობისადმი პატივისცემას და ახალი თაობებისათვის მის მაგალითს განათლებისა და თავისუფალი აზროვნების სიმბოლოდ განიხილავს,“ — განაცხადა ჯაბა სამუშიამ.

 

ღონისძიების ფარგლებში მოწვეულ სტუმრებს მიეცათ შესაძლებლობა თოხლიაურის სკოლის მოსწავლეების მიერ მომზადებულ კულტურულ პროგრამას გაცნობოდნენ.

თარიღი: 01/06/2025